საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
site logo
0
menu icon

ისტორიის თარო

ქართული ფულის ისტორია 1918-1921.

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შედეგად საქართველოში და ამიერკავკასიაში ფულის ნიშნების დეფიციტი დაიწყო. რუსეთის სახელმწიფო ბანკმა შეწყვიტა ფინანსური ოპერაციების განხორციელება თბილისში და კავკასიის რეგიონში,  რამაც ქვეყანა და რეგიონი უმძიმეს კრიზისში ჩააგდო. ვითარების გამოსწორების მიზნით, ამიერკავკასიის  სამხარეო მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ, ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიტიკური მოღვაწეები, საკუთარი ფულის ნიშნების  ბონის სახით გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო. 1918 წლის 5 თებერვალს მიმოქცევაში გაუშვეს 1,3, 5, 10, 50 და 100 მანეთიანი ბონები. შემდგომში დაამატეს 250 მანეთიანი ნომინალი. ფული თბილისში, სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელ ექსპედიციაში იბეჭდებოდა. ფულის ნიშნები ოთხენოვანია,  დატანილია: რუსულ, ქართულ. სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი წარწერები. 1918 წლის 26 მაისს,  საქართველოს ეროვნული საბჭომ საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოაცხადა!  1918 წლის ივლისის მიწურულს ამიერკავკასიის სამივე რესპუბლიკის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ, სანამ საკუთარ ფულად ერთეულებს შემოიღებდნენ, შეენარჩუნებინათ ამიერკავკასიის ერთიანი ბონი, რის განსახორციელებლადაც და გამოშვებული ბონის კურსის გასამაგრებლად უნდა მიეღოთ შესაბამისი ფინანსურ-ეკონომიკური ზომები. დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის საქართველოში გარდა ამიერკავკასიის ბონებისა მიმოიქცეოდა, მეფის რუსეთის დროინდელი „სახელმწიფო საკრედიტო ბილეთები“ და რუსეთის დროებითი მთავრობისა ფულის ნიშნები, გარდა ამისა ზოგიერთი თვითმმართველი ქალაქი და ორგანიზაცია საკუთარი ფულის ნიშნებს უშვებდა, რომელთა მიმოქცევის არეალი ლოკალური იყო.  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დამოუკიდებლობის დასაწყისიდან ცდილობდნენ  დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნას, 1918 წლის მაისის ბოლოდან სახელმწიფო ცდილობდა საგარეო კრედიტის აღებას უცხოურ ვალუტაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნებოდა ქართული ვალუტა, თუმცა აღნიშნული ვერ მოხერხდა. წლის ბოლოს კი სომხეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტმა საბოლოოდ გადააწყვეტინა ქვეყნის მთავრობას გამოეშვათ სახელმწიფო ხაზინის 5% მოკლევადიანი ვალდებულებები, რომლითაც მოხდებოდა მოსახლეობიდან ნაღდი ფულის მასის ამოღება. 1919 წლის იანვარში განხორციელდა 50 მილიონი მანეთის სახაზინო ობლიგაციების ემისია, თუმცა რეალურად მთავრობის ეს პროექტი წარმატებულად  ვერ განხორციელდა.  საქართველოს ხელისუფლება ხედავდა, რომ ამიერკავკასიაში არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო ამიერკავკასიის ბონების ემისიას დიდ-ხანს ვერ შეძლებდა და ამიტომ მისი მაქსიმალური გამოყენებით შესაბამისი ნიადაგი უნდა მოემზადებინათ დროებითი ქართული ფულის ბონისათვის, ხოლო ეროვნულ ვალუტაზე კი ეკონომიკის გაჯანსაღების შემდეგ გადავიდოდნენ. ქართული ფულის ნიშნების დიზაინის შესაქმნელად მუშაობა ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში დაიწყო. გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების ესკიზის შესარჩევი კონკურსი, რომელსაც საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო ქაღალდების დამამზადებელი ექსპედიცია ხელმძღვანელობდა. ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ, გადაწყვიტა მიმოქცევაში გაეშვა დროებითი ფულის ნიშნები, კერძოდ: 1919 წლის 11 ივლისს, დამფუძნებელი კრების 35-ე სხდომაზე მიიღეს დეკრეტი N101, რომლის ძალითაც  გამოიცა 300 მილიონი მანეთის ღირებულების 1, 3, 5, 10, 25, 50, 100 და 500 მანეთის ნომინალის ბონები, რომელთაც მალევე შეემატა 50-კაპეიკიანი(კაპიკიანი) ქაღალდის ხურდა ფული, ხოლო 1920 წლიდან - უკვე 1000 მანეთის ნომინალის ბონი, 1921 წლის იანვრიდან კი 5000 მანეთის ნომინალი. ქართული ბონის დიზაინის ავტორები იყვნენ, ქართული სამხატვრო სკოლის გამორჩეული წევრები: იოსებ შარლემანი, დიმიტრი შევარდნაძე და ჰენრიკ ჰრინევსკი.  ფულის ნიშნების დამზადების გაუმჯობესების მიზნით საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა იტალიასთან, გაფორმდა ხელშეკრულება იტალიის სააქციო საზოგადოება „არისტიდ სტადერინისდა პიეტრო მილანის ფაბრიკასთან საქართველოს რესპუბლიკისთვის სპეციალური საბეჭდი ქაღალდის მიწოდების შესახებ. იტალიიდან საქართველოში ფილიგრანული ქაღალდი 1920 წლის სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში პარტიებად შემოვიდა.  აღნიშნულ საქმეს კურირებდა ქართველი დიპლომატი ნიკოლოზ ჯაყელი. იტალიური ფილიგრანული ქაღალდის ფულის დამცავი ნიშნები, ჭვირნიშნები, ვიზუალურად ოთხთაღოვან ჩარჩოში ჩასმული ქართული ასოებია: „სდრ“-ის მხატვრული კომბინაცია (ასოთა წყობა „სდრ“ იშიფრება, როგორც: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკ. 1919 წლის 11 ივლისიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოახდინა ქართული ბონის 5 ემისია, ჯამურად - 18 მილიარდ 940 მილიონი მანეთის ოდენობით. 1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში შემოიჭრნენ, 19 თებერვალს მტრის ჯარი უკვე თბილისის მისადგომებთან იყო, 24 თებერვალს საღამოს  მთავრობამ დატოვა დედაქალაქი და  დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისში გაჩერდა. 28 თებერვალს ქუთაისში მოიწვიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელზეც განიხილეს, დროებით რუსეთთან ბრძოლის  ფინანსური უზრუნველყოფისათვის გამოეშვათ დროებითი ფულის ნიშნები ქუთაისის ხაზინის ჩეკის სახით,  რომელიც შემდგომში გადაიცვლებოდა ქართულ ბონებზე. ქუთაისის ხაზინის  50 000 და 100 000 მანეთის ნომინალის ჩეკები დაიბეჭდა ჭვირნიშნიან თეთრ  ქაღალდზე.  საქართველოს მთავრობა  10 მარტს  ბათუმში გადავიდა, 1921 წლის 18 მარტს ბათუმში გაიმართა საქართველოს დამფუძნებელი კრების ბოლო სხდომა, რომელზეც გადაწყდა საქართველოს მთავრობის წევრები, დამფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი, სამხედრო ოფიცრობა და მათი ოჯახის წევრები ჯერ სტამბოლში გაემგზავრნენ, შემდეგ კი საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი პოვეს.  ქუთაისის სახაზინო ჩეკები მიმოქცევაში არ გასულა. 

ქართული ფულის ისტორია 1918-1921.